იზრდება ჯარიმები ავტომობილის მართვაზე ნომრისა და რეგისტრაციის გარეშე

შესწორებები ასევე ითვალისწინებს დაჯარიმებას განმეორებით დარღვევაზე.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა დაიწყეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი შესწორებების განხილვა, რომელიც ითვალისწინების სასჯელის გამკაცრებას ავტომობილის მართვაზე ნომრისა და რეგისტრაციის გარეშე
კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმები ამ დარღვევებზე 100-დან 2 ათას ლარამდე იქნება. ამჟამად მოქმედი რედაქციით ჯარიმები მერყეობს 100-დან 500 ლარამდე.
არ იცვლება მხოლოდ ჯარიმის ოდენობა სანომრე ნიშნის ავტომობილის საქარე მინაზე განთავსებისთვის – 100 ლარი.
სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც არაა დარეგისტრირებული შესაბამისი წესების დაცვით, ჯარიმა იქნება 300 ლარი. სანომრე ნიშნის არარსებობის, დაფარული ან შეცვლილი სანომრე ნიშნის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 2 ათასი ლარი.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა საქართველოში: ჯარიმების ტოპ-ხუთეული>>
ამდენივე ოდენობის იქნება ჯარიმა, თუ მძღოლი მართავს რეგისტრაციიდან მოხსნილ ავტომობილს.
ამას გარდა, შესწორებები ითვალისწინებს ჯარიმის დაწესებას განმეორებითი დარღვევის დროს. მისი ოდენობა 600-დან 2,5 ათას ლარამდე იქნება.
კოდექსის მოქმედი რედაქციით, ავტომობილის მართვა უნომროდ ან საქარე მინაზე განთავსებით ისჯება 100 ლარის ოდენობის ჯარიმით, მანქანის მართვა რეგისტრაციის გარეშე – 250 ლარით, ხოლო დაფარული სანომრე ნიშნით – 500 ლარით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს