თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. სპორტის უნივერსიტეტი ადგილმდებარეობას არ შეიცვლის და ახალი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ადგილზე აშენდება 2025 წლისთვის, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, ქონება გადაეცემა ინვესტორს იმ დათქმით, რომ ორ წელიწადში ის ჩაბარდება იმავე ტერიტორიაზე, იქნება სახელმწიფოს ქონება და ფართობი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე დღეს არის.
„გვინდა გვქონდეს სპორტის ის უნივერსიტეტი, რომელიც მომავალ გათვლასაც უპასუხებს და განვითარების შესაძლებლობასაც, უფრო მეტი სტუდენტის, ახალი ფაკულტეტების გახსნის საჭიროებასაც მისცემს ჩვენს სასწავლებელს. მეზობელი შენობა, რომელიც სამბოს დარბაზია, ასევე აიგება თავიდან ან იმავე ტერიტორიაზე, ან დიღომში, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ ინიციატივას.
მინისტრის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სპორტის უნივერსიტეტის არსებული შენობა დღეისათვის არის საფრთხის შემცველი, ის ცარიელია. ამასთან, ექსპერტიზის შედეგად უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ შენობის გამაგრება ან რეაბილიტაცია შეუძლებელია.