„საქართველოს რკინიგზა" საერთაშორისო გადაზიდვებისთვის დოკუმენტაციის წარმოებას ამარტივებს

კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, იხელმძღვანელონ ინსტრუქციითა და ვიდეოგაკვეთილებით.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა" 27 სექტემბრიდან სატესტო რეჟიმში დაიწყებს საერთაშორისო გადაზიდვების დოკუმენტაციის წარმოებას ელექტრონული სახით, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზა" სატვირთო გადაზიდვების სერვისის მომხმარებლებისთვის პროცედურებს ამარტივებს. კომპანია მომხმარებლებს ინსტრუქციითა და ვიდეოგაკვეთილებით ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებს.

კომპანიის ინფორმაციით, ტვირთმფლობელები ვებ-გვერდის cargo.railway.ge საშუალებით ოფისიდან გაუსვლელად არა მარტო ადგილობრივი გადაზიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ონლაინ მიღებასა და შევსებას, არამედ საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის (სმგს) შევსებას და ელექტრონული ხელმოწერით დადასტურებას შეძლებენ.

ამ საბუთის გაფორმება მთლიანად ეფუძნება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის შევსების წესებს. გარდა ამისა, რკინიგზის მომხმარებლები ელექტრონულადვე შეძლებენ გაფორმებული საბუთი წარუდგინონ კომპანიას, ელექტრონულად მოაწერონ ხელი და ონლაინ რეჟიმში ადევნონ თვალი საკუთარი საბუთის სტატუსს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ „საქართველოს რკინიგზის“ მომხმარებლებს ადგილობრივი ტვირთის ზედნადებისა და გადაზიდვის დავალების მიღება ონლაინ რეჟიმში უკვე 2017 წლიდან შეუძლიათ.
„საქართველოს რკინიგზის" შემოსავლები ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს – კომპანიამ 2022 წლის პირველი ნახევარი რეკორდული 161 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. იანვარი–ივნისში ტვირთზიდვების მოცულობამ 6,8 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 13,3%-ით მეტია.
„საქართველოს რკინიგზამ“ წლის პირველი ნახევარი რეკორდული მოგებით დაასრულა>>
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრების გადაყვანაზე და ტვირთების გადაზიდვაზე.
„საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს