საქართველოს პარლამენტმა ქონების დაყადაღების ახალი წესები მეორე მოსმენით დაამტკიცა

ცვლილებების თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადება ხუთ ეტაპად განხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც ბრალდებულთა ქონებაზე ყადაღის დადების წესებს ეხება.
კანონპროექტს მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა.
მანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქმედი ნორმები ქვეყნის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია და ქონებაზე ყადაღის დადების ვადების განსაზღვრის რეკომენდაციაც გასცა.
ცვლილებების სამივე მოსმენით მიღების შემთხვევაში ყადაღა შეიძლება დაედოს უკანონო გზით მოპოვებულ ქონებას, ან ისეთ ქონებას, რომლის მიმართ ჩადენილია დანაშაული – კონკრეტული დასაბუთების არსებობის შემთხვევაში.
კერძოდ, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ; ან რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ; რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ; ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა.
ქონებაზე ყადაღის დადება შეიძლება ხუთ ეტაპად განხორციელდეს, ხოლო თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

„ახალი რედაქციით გამოდის, რომ მხოლოდ ის პირობა, რომ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ყადაღა დაედოს ისეთი კეთილსინდისიერი შემძენის ქონებას, რომელსაც საერთოდ არანაირი კავშირი არ უსაბუთდება ამ დანაშაულის ჩამდენთან ან ამ ქონების მიმართ ჩადენილ დანაშაულთან“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი ქონებასთან მიმართებით ადამიანის უფლებების სტანდარტს აუმჯობესებს.
„თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავეცნობით და შემდეგ ამ კანონპროექტს, მე მგონი, ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ ეს კანონპროექტი უფლებების დაცვის სტანდარტს ყადაღასთან მიმართებით აუმჯობესებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.