მშვიდობა და ეკონომიკის სწრაფი აღდგება: ღარიბაშვილმა გაეროში საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე გააკეთა
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველად ათი წლის განმავლობაში მშვიდობა და სტაბილურობა ნარჩუნდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა.
„2012 წელს ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომელმაც დაგვაახლოვა მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან – ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, ნატო-სა და გაერო-სთან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო ათწლეული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა საქართველოს მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის მაღალი პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე გაამახვილა.
„ჩვენი მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19 პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივლისში კვლავ გადააჭარბა მოლოდინს და 10,3 პროცენტი დაფიქსირდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე.
პრემიერი: საქართველო მზად არის იყოს შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის >>
მისი თქმით, მთავრობის მთავარი ამოცანაა - შეუქმნას მოქალაქეებს განვითარებისთვის ყველა შესაძლებლობა.
„ჩვენს მოქალაქეებს ვუქმნით შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს ვაძლევთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა ქვეყნის მაღალი საინვესტიციო პოტენციალი და მისი განსაკუთრებული როლი აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო დერეფნის კუთხით.
პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - მუშაობა ევროკომისიის რეკომენდაციებზე კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებაზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან უკრაინას მხარდაჭერაც გამოხატა.