თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ პარტია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებაზე ისაუბრა.
კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის“ მფლობელი დავით კეზერაშვილი. მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნული ფაქტი რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააპროტესტა.
„კეზერაშვილმა მას მიანიშნა, რომ ის არის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარე იმ პარტიის, რომელსაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“, და უთხრა, რომ კონფლიქტი, რომელიც ხაბეიშვილთან აქვს, არის მელიას და არა კეზერაშვილის პრობლემა. მათი ურთიერთობა ამ დონეზეა დაძაბული“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
დეპუტატის თქმით, მელიას სურს, რომ კეზერაშვილმა ხაბეიშვილი მის გარეშე არ დააფინანსოს, თუმცა კეზერაშვილი ამას მაინც აკეთებს.
„ის, რომ კეზერაშვილი მელიას გვერდის ავლით აფინანსებს ხაბეიშვილს, ამაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არაფერ შუაშია. ეს არის კეზერაშვილის, მელიას, ხაბეიშვილის და სააკაშვილის პრობლემა და არა ჩვენი. კეზერაშვილი ცდილობს სხვა ადამიანებს გადაახტეს და პარტიის შიგნით მეტი ძალაუფლება მოიპოვოს. ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ადამიანებს“, – დასძინა კობახიძემ.
მანამდე მელიამ ხელისუფლება დაადანაშაულა ოპოზიციის დაკნინებისა და დასუსტების მუდმივ მცდელობაში და აღნიშნა, რომ ოპოზიციის სისუსტე ავტორიტარული რეჟიმის სიძლიერის პირდაპირპროპორციულია. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კარგავს საერთაშორისო და ელექტორალურ მხარდაჭერას, რაც ოპოზიციას მეტ შანსს აძლევს.
ოპოზიციაში შექმნილი ვითარებით თავად კობახიძე კმაყოფილია და მას იდეალურად მიიჩნევს.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. დღეს ძალიან მშვიდი გარემოა და ამ სიმშვიდის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია დასუსტებულია“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კი „რადიკალური ოპოზიცია“ სუსტდება, ქვეყანაში სიტუაცია მაშინვე მშვიდდება და იკლებს პოლარიზაციის ხარისხი, ხოლო როგორც კი იგი ძლიერდება, იზრდება პოლარიზაციის ხარისხი და იქმნება საფრთხე არეულობის კუთხით, აღნიშნა კობახიძემ.
ოპოზიციის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ სისუსტის შესახებ განცხადებები ხშირად ისმის მმართველი პარტიის ლიდერებისა და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისგან. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ რადიკალური ოპოზიციის გამონათქვამები დაუმორჩილებლობის, ვადამდელი არჩევნების და საპროტესტო აქციების შესახებ ოპონენტების სისუსტეზე მიუთითებს. მელიას ნაბიჯებმა უკმაყოფილება თავად ოპოზიციის რიგებშიც გამოიწვია.
სექტემბრის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის ყველა მოქმედება და ნაბიჯი, მათ შორის საპროტესტო აქციები, მიმართული იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ. მისი თქმით, სწორედ ვადამდელი არჩევნები შეამსუბუქებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს.
მმართველ პარტიაში ამ განცხადებას სისუსტე უწოდეს, ხოლო კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყველა ოპოზიციურ ძალას, რომლებიც ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს, „ლუზერების კრებული“ უწოდა.