თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვით, პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს ღია კენჭისყრით აირჩევს.
მესამე მოსმენით ცვლილებებს 104-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამიერიდან დეპუტატები სახალხო დამცველს ღია, ანუ სახელობითი კენჭისყრით აირჩევენ. აქამდე კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობდა.
ცვლილებების ინიციატორი იყო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად სულ ცოტა 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ანუ ოპოზიციის გარეშე მას ვერ აირჩევენ. მას მეორე ვადით არჩევის უფლება არ აქვს.
საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევა 15 სექტემბერს დაიწყო. ომბუდსმენობის მსურველთა განაცხადების მიღება 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კანდიდატების შერჩევა
შერჩევის პროცედურის თანახმად, განაცხადების წარდგენა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა თანამდებობასთან შესაბამისობასაც შეამოწმებს სპეციალურად შექმნილი ცხრაკაციანი კომისია.
კომისია კანდიდატებს შეაფასებს შესაბამისობის შემდეგი კრიტერიუმებით: კეთილსინდისიერება და კარგი რეპუტაცია, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, პროფესიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.
ყოველი კანდიდატი მიიღებს ქულებს 0-დან 10-მდე. შეფასება იწარმოებს წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, გასაუბრების გარეშე. შეფასების პროცესი 13 ოქტომბრისთვის დასრულდება.
ამის შემდეგ პარლამენტის უფლებამოსილი სუბიექტები (ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები და დამოუკიდებელი დეპუტატები) 21 ოქტომბრამდე პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენენ არანაკლებ შვიდი პრეტენდენტის კანდიდატურას, რომლებსაც უკვე გავლილი ექნებათ კომისიის შეფასება.
კანდიდატებს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება. იმისათვის, რომ სახალხო დამცველად დაინიშნოს, კანდიდატმა უნდა მიიღოს არანაკლებ 90 დეპუტატის მხარდაჭერა.
სახალხო დამცველს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.
ომბუდსმენის უფლებები
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს. აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს გასცეს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას მოსაზრება „სასამართლოს მეგობრის“ სახელით კონკრეტულ პროცესებთან დაკავშირებით, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასევე წარადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული დახმარების საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წევრები.