მსოფლიო დღეს

ირანული პროტესტის მეხუთე დღე: მსხვერპლის რაოდენობა იზრდება - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი − Sputnik. ირანში უკვე მეხუთე დღეა გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები, იზრდება შეტაკებებში დაღუპულთა რაოდენობა, სოციალურ ქსელებს კი ახალი შეზღუდვები დაუწესდა, იუწყება სააგენტო Reuters.
ირანში პროტესტმა მას შემდეგ იფეთქა, რაც ქვეყნის მორალისა და ზნეობის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი ცემით მოკლა „ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო“. ხალხმრავალ მიტინგებზე ირანელი ქალები ამინისადმი სოლიდარობის ნიშნად საჯაროდ იხსნიან ჩადრებსა და ჰიჯაბებს და კოცონზე წვავენ.
ირანის ხელისუფლების ცნობით, 21 სექტემბრის დემონტრაციისას სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთი უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Hengaw კი ირწმუნება, რომ პოლიციამ შვიდი მომიტინგე მოკლა პროვინცია ქურთისტანში, სადაც არეულობა განსაკუთრებით ინტენსიურია.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალოვნებს მომიტინგეების სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ცნობილი ხდება, რომ 21 სექტემბერს ირანში იმ ორ სოციალურ ქსელზეც შეიზღუდა წვდომა, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობდა. ესენია „ინსტაგრამი“ და WhatsApp. მანამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიბლოკა TikTok, YouTube, Twitter და „ფეისბუქი“.
გარდა ამისა, ქურთისტანის ზოგ ნაწილში ინტერნეტი სრულადაა გამორთული, ხოლო თეირანსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში შეფერხებით მუშაობს.