ირაკლი კობახიძე: აშშ-ის ელჩის განცხადება შეურაცხმყოფელია

დეპუტატები ქართველმა ხალხმა აირჩია, ამიტომ მათ მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები მიუღებელია, განაცხადა კობახიძემ.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელი უწოდა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას იმ დეპუტატების მიმართ, რომლებმაც სახელისუფლებო პარტიის რიგები დატოვეს.
დეგნანმა სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებებს, რომლებშიც აშშ-ის საელჩო და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი იყო გაკრიტიკებული.

„უნდა გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც, სამწუხაროდ, იყო შეურაცხმყოფელი. ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, ხომ? მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ", – განაცხადა კობახიძემ „პირველი არხის" ეთერში.

მისი თქმით, ბევრი ვერ დაიკვეხნის იმით, რაც სუბარმა გააკეთა, როდესაც წინა ხელისუფლების დროს საქართველოს სახალხო დამცველი იყო და "ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს". როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის პრინციპების ერთგული იყო. ხუნდაძესა და მაჭარაშვილს კი მან მებრძოლები უწოდა.
„ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილებს ავრცელებენ და რუსული ტიპის დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, აქ სრულად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად, მაგრამ რეალურად ამაში არ არის საქმე", – განაცხადა კობახიძემ.
სამმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყავლაშვილმა მმართველი პარტია ივნისის ბოლოს დატოვა. მათ წასვლის მთავარ მიზეზად მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს. მოგვიანებით „ტრიოს" გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა".
„ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯება“ - „ხალხის ძალა“ აშშ-ის 6-მილიარდიან დახმარებაზე>>
დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი პარტია დატოვეს, არაერთხელ მოუწოდეს კელი დეგნანს, ღიად გამიჯვნოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, ასევე ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს, მათ მოწოდებებს, დააწესოს საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც მხოლოდ საქართველოს დააზარალებს, მათ რევოლუციურ განწყობას და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობას.
როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღეს, დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი აფიქრებინებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის უკან ამერიკის საელჩო დგას.
კელი დეგნანმა ამ დეპუტატების განცხადებები შეაფასა, როგორც შეთქმულებისა და სიცრუის რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული თეორია. მისი თქმით, ვაშინგტონის წარმომადგენლები დაბნეული არიან და ვერ იგებენ, რატომ არ ემიჯნება საქართველოს მთავრობა ამას.
მოგვიანებით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლემიკის შემდგომი გაფართოება და გაღრმავება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან ეს აშშ-თან ურთიერთობებს შეასუსტებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს