თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ბოლო პერიოდში თბილისში გადაადგილების პრობლემა და „საცობების" მატება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის გამოწვეული, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერმა განმარტა, რომ მიუხედავად აღნიშნული დისკომფორტისა, თბილისში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებელია, რათა ქალაქი იყოს მოწესრიგებული.
„ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმის განხორციელება, რომელსაც ბოლო ათწლეულებია არავინ შეხებია. ჩვენ ვიცოდით რას ვაკეთებდით, რამდენად მძიმე თემა იყო. მას შემდეგ, რაც სწავლა დაიწყო, ცენტრალურ ქუჩებში „საცობებია" და გადაადგილება გართულებულია. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით, ამ გამზირებზე მცხოვრებ ხალხს, რადგან ვიცი, თუ რა პირობებში გაატარეს ზაფხული. იყო ხმაური, მტვერი, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა მათ", – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ წერეთლის გამზირის განახლება დაიწყება. მისი თქმით, დედაქალაქის მერიას არ აქვს მოცდის დრო და იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის და გამზირის რეაბილიტაცია განხორციელდეს.
„რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კოლაფსიც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამ პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება", – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა სატრანსპორტო რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეები დღეს ევროპული ტიპის ავტობუსებით სარგებლობენ, მათი უპრობლემოდ გადაადგილებისთვის კი აუცილებელია გზების მოწესრიგება. კალაძემ თბილისის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.