კალაძემ კიდევ ორი გამზირის რემონტი დააანონსა

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისში მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირებზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ წერეთლის გამზირის რემონტი დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა უკვე განახორციელა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რემონტი. ოთხეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ქალაქის ხელისუფლებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.
„როდესაც ამ გამზირებს დავასრულებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას ვიწყებთ. მომავალ წელს კი ვაჟა-ფშაველას გამზირის განახლება მოხდება", – განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის გამზირების რემონტის მასშტაბური პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულ განახლებას, ასევე LED განათების მონტაჟს.
ორივე პროექტი ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება: მელიქიშვილის რემონტი 6,4 მლნ ლარით, ხოლო ქეთევან წამებულის - 6 მლნ ლარით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს