თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სპეცოპერაცია ქუთაისში, სადაც უცნობმა პირმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები აიყვანა, დასრულებულია, დამნაშავე აყვანილია, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.
„სპეცოპერაცია დასრულდა, ერთი პირი დაკავებულია“, – განაცხადა კოვზიაშვილმა, მაგრამ ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა.
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. ბოროტმოქმედს 12 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. თავიდან მოთხოვნილი იყო 2 მლნ დოლარი, შემდეგ თავდამსხმელმა შეცვალა მოთხოვნა და 1,5 მლნ დოლარი მოითხოვა. ასევე ის ითხოვდა ვერტმფრენს, რაციას და რუსეთის დროშას.
ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სპეცსამსახურები და ტექნიკა. თავდამსხმელთან მოლაპარაკებები მძევლების შუამავლობით მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ბოროტმოქმედი მძევლებს სოციალურ ქსელებში პერიოდულად პირდაპირი ეთერის ჩართვას აიძულებდა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციის მსვლელობას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აკვირდებოდა, რომელიც ქუთაისში დღის მეორე ნახევარში ვერტმფრენით ჩაფრინდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე (მძევლად ხელში ჩაგდება), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.