ღარიბაშვილის და ერდოღანის შეხვედრა: პარტნიორობის მნიშვნელობა საქართველოსა და თურქეთს შორის

ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოს და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ვითარება კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით.
შეხვედრა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
ღარიბაშვილმა და ერდოღანმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის აქტიური თანამშრომლობა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინის მოვლენები და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული ვითარება უსაფრთხოების თვალსაზრისით.
შეხვედრაზე აღინიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობასა და სტაბილურობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.
ღარიბაშვილმა და ერდოღანმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარება ყველა მიმართულებით.
ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს