თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალია, იუწყება „TV პირველი“.
მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა ძალოვან უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. უკვე დაწყებულია განაღმვითი სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მძევალი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.
მასმედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ბანკის შენობის მიმდებარედ ცხოვრობს, ის რამდენიმე წელი უცხოეთში იმყოფებოდა და მას ფინანსური სირთულეები ჰქონდა. „TV პირველის“ ინფორმაციით, მამაკაცს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედს 12 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. თავდაპირველად მოთხოვნილი იყო 2 მლნ დოლარი, შემდეგ თავდამსხმელმა შეცვალა მოთხოვნა და 1,5 მლნ დოლარი მოითხოვა. ასევე ის ითხოვდა ვერტმფრენს, რაციას და რუსეთის დროშას.