თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ახალი კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა და პოტენციური თანამებრძოლებიც დაასახელა.
პარტნიორების სახით ვაშაძე განიხილავს ელენე ხოშტარიას პარტიას „დროა“, ყოფილი ბანკირების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო ეროვნული, პროევროპული მოძრაობა, რომელშიც ვთანამშრომლობთ ყველა პროდასავლურ ძალასთან. სიღრმისეული თანამშრომლობა გვაქვს ამ პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა“, – განაცხადა ვაშაძემ.
პოლიტიკოსს ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების იმედი აქვს.
ოპოზიციის სკეფსისი
ოპოზიციონერების ნაწილი ინიციატივას სკეპტიკურად შეხვდა.
„ამ გაერთიანებამ შეიძლება დააზიანოს ოპოზიციური სპექტრი. თავად გაერთიანებაში პრობლემას ვერ ვხედავ. უკეთესი იქნება, თუ შემდეგ ისინი გვეტყვიან, რომელი იდეების დასაცავად ერთიანდებიან“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კოლეგებს მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვნახეთ ბევრი მსგავსი გაერთიანება და ვნახეთ შემდეგ ბევრი დაშლილი... უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ რაღაც საკითხებზე, ეს, პირველ რიგში, ეხება ოპოზიციონერ კოლეგებს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
ამასთან, მან გააკრიტიკა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ასევე დაანონსებული „ცხელი შემოდგომა“.
„ცოტა მეტი სერიოზულობა და პასუხისმგებლობა და ნაკლები მანჭვა“, – დასძინა ელისაშვილმა.
ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში გაერთიანებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
„ალბათ დრო აჩვენებს, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს მსგავს გაერთიანებას. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ნათელია და ბოლო კვლევებიდან აშკარა გახდა საზოგადოების მოთხოვნა ოპოზიციური ერთობისა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ.
„ქართული ოცნების“ არითმეტიკა
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესაძლო შექმნის თაობაზე. მისი სიტყვებით, აღნიშნული გუნდი ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი იყო.
„არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაწილები, რომლებიც ქმნიან ფასადს, თითქოს არის მრავალპარტიულობა. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათი ჯამი ყოველთვის გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, ამ მხრივ ახალი არაფერია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ, თავის მხრივ, ოპოზიციონერებს ურჩია, შეწყვიტონ ავანტიურაზე ფიქრი.
„რასაკვირველია, მათ არა აქვთ არავითარი მიზეზი და საფუძველი გადაეშვან ამ ავანტიურაში. შეწყვიტეთ ასეთ რამეებზე ფიქრი და დაიწყეთ მუშაობა. ეს ერთადერთია, რისთვისაც ხალხმა მანდატი განდოთ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.