თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელი, რომელსაც 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი, საკუთარ მოთხოვნებზე უარის თქმას არ აპირებს და საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს.
„არაფერი მაქვს დასაკარგი, ციხეში 25-30 წლის გატარებას არ ვაპირებ“, – განაცხადა შეიარაღებულმა პირმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
მძევლების თქმით, რომლებიც სოციალურ ქსელში პერიოდულად ერთვებიან, თავდამსხმელი აგრესიული გახდა. ძალოვანები თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს მძევლების შუამავლობით აწარმოებენ. თავად ბოროტმოქმედი უარს აცხადებს ფანჯარასთან ან კართან მიახლოებაზე.
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შენობაში ამ დროისათვის 12 მძევალი რჩება. ორი ქალი უკვე გაათავისუფლეს.
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. მოთხოვნილია 2 მლნ დოლარი, ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა. საკუთარი პირობების შესასრულებლად მან ხელისუფლებას კონკრეტული დრო – 3 საათი მისცა, რომელიც 15:30 საათზე ამოიწურა.