თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის გაყიდვიდან უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, განაცხადა არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. წელს ვაშლის უხვი მოსავალია მოსალოდნელი – დაახლოებით 120 ათასი ტონა, საიდანაც 50 ათას ტონამდე არასტანდარტულია.
„ფერმერებმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს. ეს პროცესი გაგრძელდება 15 დეკემბრამდე, მოსავლის სრულად დაბინავებამდე", – განაცხადა შალამბერიძემ.
მისი თქმით, უკვე გადამუშავებულია 2 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გორში ამოქმედებული შტაბი კიდევ რამდენიმე თვე იმუშავებს, რათა მოსავლის დაბინავება უზრუნველყოს.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის გაყიდვის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში საწარმო, რომელიც ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და 1 კგ-ზე არანაკლებ 24 თეთრს გადაუხდის, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით კილოგრამზე 10 თეთრს მიიღებს.
საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 30 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.