თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სოფელ კიკეთში სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულ გელა ნიორაძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე წარედგინა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს სოფელ კიკეთში ბრალდებულ გელა ნიორაძეს ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან კონფლიქტი მოუვიდა. მამაკაცი ჩხუბის შემდეგ გარკვეული დროით წავიდა და შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა. 54 წლის ნიორაძემ შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, ამტკიცებს გამოძიება.
მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა სულხან კომახიძემ.
ადვოკატის თქმით, ერთ-ერთ იქ მცხოვრებ პირს მისი (ნიორაძის - რედ.) ვალი ჰქონდა და ისინი ამ თემაზე საუბრობდნენ. საუბრის დროს მას (ნიორაძეს - რედ.) ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ამტკიცებს ადვოკატი.
მისი თქმით, ნიორაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ის ეთანხმება ბრალდების იმ ნაწილს, რომელიც იარაღის უკანონო ტარებას ეხება, ხოლო განზრახ მკვლელობის ფაქტს არ აღიარებს.
ადვოკატის თქმით, ნიორაძემ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც თავდამსხმელებმა ყურადღება არ მიაქციეს გაფრთხილებას, რომ მანქანას არ მიუახლოვდნენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიორაძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამჟამად ნიორაძე დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - გენერალური პროკურატურა