თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს აფთიაქებში ელექტრონული რეცეპტის გარეშე მე-2 ჯგუფის წამლების გაცემის 939 ფაქტი გამოავლინა, აქედან 49 შემთხვევაში ფაქტი განმეორებით დაფიქსირდა. ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში.
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ აღნიშნული სამართალდარღვევა როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დააფიქსირა. გამოვლენილ დარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა და სასამართლოს გადაეგზავნა.
მეორე ჯგუფში შედის ანტიბიოტიკები, ჰორმონალური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები და სხვა პრეპარატები, ანუ ისინი, რომელთა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
1 მარტიდან მეორე ჯგუფის მედიკამენტებზე რეცეპტები მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მათი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.
მოქმედი კანონმდებლობით, რეცეპტის გარეშე გაიცემა მხოლოდ III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებსაც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედება ახასიათებთ. მსგავსი ტიპის პრეპარატებია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვ.
გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია იხილეთ ბმულზე.