თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების ნაწილის უარის უკან, რომ მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის პირობების შესრულებაში საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, პროცესის დაზიანების სურვილი დგას, განაცხადა დეპუტატმა მმართველი მარტია „ქართული ოცნებიდან" მიხეილ სარჯველაძემ.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. პროცესში, სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს. პარტიები „ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო საქართველოსთვის", ასევე რიგი დამოუკიდებელი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცალკე მუშაობენ.
დეპუტატის თქმით, მსგავსი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან არა უბრალოდ დესტრუქცია, არამედ პროცესის დაზიანების მცდელობაა.
„როდესაც ოპოზიცია ხარ და თითქოს გულშემატკივრობ ევროპიზაციას, მაგრამ ევროპიზაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არის დეპოლარიზაცია, და ასეთ დროს პროცესს ემიჯნები და მხოლოდ ხელისუფლებას ტოვებ ამ პროცესში სამუშაოდ, რასაკვირველია, ეს მავნებლობაა, პროცესის დაზიანების წინასწარ გამიზნული სურვილი", – განაცხადა სარჯველაძემ გადაცემა „იმედის კვირაში".
ოპოზიციონერები, რომლებმაც ხელისუფლების გეგმის მიხედვით მუშაობაზე უარი განაცხადეს, პარლამენტში საკუთარი კანონპროექტების ინიცირებას აპირებენ სექტემბრის ბოლომდე.
„ვაპირებთ, რომ დავაინიციროთ ჩვენი კანონპროექტები... ჩვენ 12-ვე მიმართულებით მზად ვართ, გვაქვს სამოქმედო გეგმა გაწერილი – რომელ კანონპროექტს რომელ პერიოდში დავაინიცირებთ", – განაცხადა „ლელოს" წევრმა ლანა გალდავამ.
ოპოზიციონერები ალტერნატიულ ფორმატში თითქმის მთელი ზაფხული მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის 12 პირობის რეალიზაცია და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება საქართველოს ისტორიული შანსი და მთავარი ამოცანაა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.