თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. იტალიის „მილანის“ მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიას „ბრწყინვალე მოთამაშე“ უწოდა.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა გუშინ მეშვიდე ტურის შეხვედრაში „სან-სიროს“ არენაზე „მილანი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „ნაპოლისთვის“ პენალტი მოიპოვა.
„კიერი შევცვალე, რადგან მან ყვითელი ბარათი მიიღო, კალაბრია კი - მას კვარაცხელიას წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ის კი დაიღალა, სხვაგვარად მას არ შევცვლიდი. კიერიც და კალაბრიაც ბოლომდე იბრძოდნენ, კვარაცხელია კი – ნამდვილად ბრწყინვალე მოთამაშეა“, – აღნიშნა „მილანის“ მწვრთნელმა.
„ნაპოლი“ ამჟამად სერია А-ს სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა 17 ქულით.
საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ კვარაცხელია სერია A-ში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.