მსოფლიო დღეს

ბაიდენი: აშშ დაიცავს ტაივანს თავდასხმის შემთხვევაში

Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი − Sputnik. ტაივანში ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელი სამხედროები დაიცავენ ამ კუნძულოვან სახელმწიფოს, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაცემა 60 Seconds-თან ინტერვიუში.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, „რა უნდა იცოდეს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ტაივანისადმი თქვენი ერთგულების შესახებ?“ – ამერიკის ლიდერმა უპასუხა:

„ჩვენ კვლავაც ვეთანხმებით იმას, რასაც დიდი ხნის წინ მოვაწერეთ ხელი, რომ არსებობს ერთი ჩინეთის პოლიტიკა, ტაივანი კი თავად წყვეტს საკუთარი დამოუკიდებლობის საკითხს. <...> ჩვენ არ ვერევით, არ ვუბიძგებთ მათ... ეს მათი გადაწყვეტილებაა“.

კითხვაზე, გაგზავნის თუ არა აშშ თავის ჯარებს კუნძულის დასაცავად, პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, თუ უპრეცედენტო თავდასხმა მოხდება“.
ბაიდენის გამონათქვემებს გამოეხმაურა თეთრი სახლიც, სადაც ასევე დაადასტურეს, რომ აშშ-ის პოლიტიკა ტაივანის მიმართ უცვლელია.
მანამდე, 2022 წლის მაისში ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ასევე დადებითად უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა მზად ვაშინგტონი სამხედრო გზით დაიცვას ტაივანი. ამის შემდეგ თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტს ტაივანისთვის იარაღის მიწოდება ჰქონდა მხედველობაში, რომელსაც კუნძულოვანი სახელმწიფო თავდასაცავად გამოიყენებდა.
სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტაივანისთვის 1,1 მლრდ დოლარის იარაღის მიყიდვის უფლება გასცა. ჩინეთის საკონსულოს პრეს-სამსახური ამ გადაწყვეტილებას ტვიტების სერიით გამოეხმაურა, რომლებშიც აღნიშნავდა, რომ „ეს გარიგება ცრუ იმედებს უსახავს ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტულ ძალებს, საფრთხეს უქმნის აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებს და სტაბილურობას ტაივანის ყურეში“.
ვაშინგტონმა 1979 წელს ფორმალურად შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები ტაივანთან და პეკინი იქ ჩინეთის ერთადერთ წარმომადგენლად აღიარა. ამასთან თავად ჩინეთი აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად იქცა.