თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების მოთამაშის, ზურიკო დავითაშვილის დებიუტი საფრანგეთის „ბორდოში“ ძალიან წარმატებული გამოდგა - „დიჟონის“ კარში მისმა გატანილმა გოლმა „ბორდოელ ჟირონდისტებს" მოგება მოუტანა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში „ბორდომ“ „დიჟონს“ უმასპინძლა და სწორედ დავითაშვილის გოლის წყალობით შეძლო სამი ქულის მოპოვება.
საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი „ბორდოს“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პირველივე წუთებიდან საკმაოდ აქტიური იყო. 87-ე წუთზე მან სოლო რეიდით გაარღვია სტუმრების დაცვის ხაზი და გამარჯვების გოლი გაიტანა. „ბოდრომ" ანგარიშით 2:1 მოიგო.
„ბორდოს“ მწვრთნელმა დევიდ გიონმა ზურიკოს თამაში დადებითად შეაფასა.
„ვფიქრობ, დავითაშვილმა ნამდვილად ძალიან კარგი გოლი გაიტანა. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა გოლი ისე გაიტანა, რომ არც აკანკალებულა - ეს სასიხარულო ნიშანია“, – განაცხადა დევიდ გიონმა.
„ჟირონდისტები“ სატურნირო ცხრილში 17 ქულით ლიდერობენ. 3 ოქტომბერს ისინი გასვლაზე „ლავალს“ დაუპირისპირდებიან.
„ჟირონდისტები“ საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ექვსგზის ჩემპიონები არიან, ბოლოჯერ „ბორდომ“ საფრანგეთის ჩემპიონატი 2009 წელს მოიგო.
ზურიკო დავითაშვილი ადრე ტულის „არსენალში“ თამაშობდა, სადაც 2021 წლის ზაფხულში ვოლგოგრადის „როტორიდან“ გადავიდა (მასზე უფლება „რუბინს“ ეკუთვნოდა).