თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიკეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაჭრილი ქალბატონი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.