„ენგურჰესის“ ექსპლუატაციის ვადა 30 წლის შემდეგ დასრულდება - მეცნიერები

„ენგურჰესზე“ სეისმოლოგიურ, გეოლოგიურ და გეოდეზიურ სამუშაოებს ქართველი და გერმანელი მეცნიერები აწარმოებენ
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. წამყვანი ქართველი და გერმანელი მეცნიერები „ენგურჰესზე“ მაღალი კაშხლის ხანმედეგობის მონიტორინგის ფარგლებში საველე სამუშაოებს აწარმოებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა უნიკალური აპარატურა, დაინერგა ინოვაციური მეთოდები და ჩატარდა კომპლექსური კვლევები. საველე სამუშაოები კი საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჰესი და მოხდეს რისკების დროული აცილება.

მეცნიერების განცხადებით, ჩატარებული სეისმოლოგიური, გეოლოგიური და გეოდეზიური სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ „ენგურჰესის“ ხანმედეგობა 30 წლის შემდეგ დასრულდება.

ამ ეტაპისთვის მოქმედებს სამი პროექტი, რომელიც დააფინანსა გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურმა სამინისტრომ. პროექტების განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო და მათი საერთო ღირებულება 7,5 მლნ ევროზე მეტია.
საქართველოს პრეზიდენტმა „ენგურჰესის“ ტურისტული ზონა დაათვალიერა >>
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.
ამ დროისათვის „ენგურჰესის" დადგმული სიმძლავრე 1.300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
„ენგურჰესზე" სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო, 1978 წელს პირველი აგრეგატი ამუშავდა. მთლიანად ჰესის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.