თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ზურაბ იაკობაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
იაკობიშვილმა, რომელიც 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში სომეხი არმან ანდრეასიანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, 4-ქულიანი ილეთის წყალობით. მანამდე ქართველმა მოჭიდავემ მონღოლი ტემულენ ენხტუია (2:1) და თურქი სერვეთ ჩოსკუნი (2:0) დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ამერიკელ ზაინ ალენ რეთერფორდთან 0:7 წააგო. ზურაბისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მე-4 მედალია (1 ოქრო, 3 ბრინჯაო).
გენო პეტრიაშვილმა მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლაში ყაზახი ბოლტინი 11:4 დაამარცხა და კარიერაში მსოფლიო პირველობებზე მეშვიდე მედალი მოიპოვა. მანამდე ქართველმა მოჭიდავემ ნახევარფინალში მონღოლ ლხგვაგერელ მუნხტურთან 2:4 წააგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა, ხოლო ნახევარფინალამდე ინდოელი დინეშ დინეში 4:0 და ამერიკელი ჰაიდენ ნიკოლას ზილმერი 9:4 დაამარცხა.
თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. მანამდე კი მსოფლიო პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა (ნუგზარ წურწუმია, ლერი აბულაძე).