რაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარეთის ელჩთან

ირაკლი ღარიბაშვილმა ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

„გამოითქვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ ვითარებას.
ვესელინ ვალკანოვმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.