მსოფლიო დღეს

ირანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას უერთდება

Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ირანი ხელს მოაწერს მემორანდუმს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში (SCO) თავისი ვალდებულებების შესახებ, ხოლო ბელარუსი ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურებს დაიწყებს, განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა სამარყანდში მიმდინარე სამიტზე.
გარდა ამისა, მისი თქმით, დიალოგში პარტნიორის სტატუსებს მიიღებენ სხვა სახელმწიფოებიც.

„ჩვენ მივესალმებით მემორანდუმის ხელმოწერას ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკისა და კატარის სახელმწიფოსთვის დიალოგში პარტნიორების სტატუსის მინიჭების შესახებ. ბაჰრეინი, მალდივები, კუვეიტი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და მიანმარი ასევე მიიღებენ პარტნიორის სტატუსს. გარდა ამისა, ვიწყებთ პროცედურას ბელარუსის რესპუბლიკისთვის SCO-ს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭების მიზნით“, — აღნიშნა მირზიოევმა.

ირანის SCO-ში მიღების პროცედურა 2021 წლის სექტემბერში დაიწყო დუშანბეში ორგანიზაციის სამიტზე.
დღეს, 16 სექტემბერს ინდოეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ჩინეთის, უზბეკეთის, რუსეთის, ასევე ტაჯიკეთისა და პაკისტანის ლიდერები სამარყანდის სამიტის ფარგლებში ჯერ ვიწრო წრეში შეხვდნენ, რის შემდეგაც სამიტი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება SCO-ს სამარყანდის დეკლარაციას. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი გუშინ, 15 სექტემბერს დაიწყო.