თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) გადაწყვიტა გააუქმოს რუსეთის მოსამართლის თანამდებობა, რომელსაც აქამდე მიხაილ ლობოვი იკავებდა.
როგორც სასამართლოს რეზოლუციაშია ნათქვამი, გარდა 2022 წლის 16 მარტის რეზოლუციისა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ევროპის საბჭოში წევრობის შეწყვეტას შეეხებოდა, სასამართლომ ასევე გაითვალისწინა 2022 წლის 22 მარტის დადგენილება, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაცია აღარ არის ადამიანის უფლებათა კონვენციის მაღალი მომლაპარაკებელი მხარე.
„სასამართლოს რეგლამენტის შესაბამისად <...>, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აღარ არის ადამიანის უფლებათა კონვენციის მაღალი მომლაპარაკებელი მხარე, ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ რუსეთის მოსამართლის თანამდებობა ასევე წყვეტს არსებობას“, — ნათქვამია დადგენილებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ECHR კვლავაც განაგრძობს რუსეთის წინააღმდეგ იმ სარჩელების განხილვას, რომლებიც სასამართლოში 16 სექტემბრამდეა შეტანილი. ახალი სარჩელები რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე კი აღარ მიიღება.
2022 წლის 15 მარტს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას. თუმცა რუსეთმა მოვლენებს დაასწრო და თავად დატოვა ევროსაბჭო. ამასთან ორგანიზაცია მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. ორი დღის შემდეგ, 17 მარტს ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლომ რუს მოსამართლე მიხაილ ლობოვს საქმიანობა შეუჩერა, ახლა კი საერთოდ გააუქმა მისი თანამდებობა.