თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დროებით აიკრძალა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა საფრთხეს უქმნის ქურციკის (ჯეირანი) პოპულაციის აღდგენის პროექტის განხორციელებას.
საქართველოში ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 1960 წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა.
პროექტი, რომელსაც 2013 წლიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებენ, საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენისკენაა მიმართული.
„სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს – გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებენ ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების საზღვარსა და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარს შორის არსებულ სამუხის ველზე 2023 წლის 1 მარტამდე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება.
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და დაკვირვებას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოს დამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღებაში ამ ცხოველს განსაკუთრებული როლი აქვს.