მსოფლიო დღეს

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოსადმი უკრაინის მოწოდებას პროვოკაციად აფასებს

მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის რადის დეპუტატის ფეოდორ ვენისლავსკის საქართველოსადმი მოწოდებას – გახსნას „მეორე ფრონტი“ და დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები, რუსეთი აფასებს როგორც პროვოკაციას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
უკრაინელმა დეპუტატმა ფეოდორ ვენისლავსკიმ ქართული ოპოზიციური ტელეარხი „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ახლა ქართველ ხალხს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მისი თქმით, ახლა რუსეთი მთლიანად უკრაინაზეა კონცენტრირებული.

„როგორც პროვოკაციას“, – განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე, თუ როგორ აფასებს რუსული მხარე უკრაინელი დეპუტატის მოწოდებებს.

მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი განცხადება „მეორე ფრონტის“ გახსნის თემაზე პლებისციტის შესაძლო ჩატარების თაობაზე იყო „სარკაზმი ცოტა იუმორით“, რადგანაც მოსახლეობა ცალსახად ომის წინააღმდეგია.
მისი თქმით, თუ ომი აუცილებელია, მაშინ საჭიროა ბრძოლა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არის გარკვეული ფაქტორები – ერთი მხრივ, ესაა არსებული რესურსები და შესაძლო შედეგები და, მეორე მხრივ, ის, რომ აფხაზებთან და ოსებთან ძმათამკვლელი ომი დაუშვებელია.