თბილისში თანამედროვე მხატვრების გამოფენები იხსნება

ესაა უნიკალური ექსპოზიციები წარსულისა და აწმყოს შესახებ, რომლებიც თანამედროვე ვიზუალური ენით გვიყვებიან ამბებს.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. The why not gallery 15 სექტემბრიდან ორი ქართველი შემოქმედის ორ გამოფენას ხსნის: მარიამ აქუბარდიას „მოხატული კედლები რეალობის ილუზიას ქმნიან“ და ნიკა ქუთელიას CHARITSKHES, DE?
აქუბარდიას ნამუშევრები განსაკუთრებული ხელწერითაა შექმნილი: პასტელურ ფერთა პალიტრა, ფოტოგრაფიული რეალიზმისა და აბსტრაქტული ფერწერის გადაკვეთაზე, წაშლის ტექნიკით დახატული დიდი ზომის ფიგურატიული კომპოზიციები, თითქოს წამში გამოჭერილი ფრაგმენტები, უდროობის მორევიდან არიან ამოსული.
მარიამ აქუბარდიას ნახატი
„წარმოდგენილი ნახატები თითქოს მეხსიერებაში ფოტოკადრებად ჩარჩენილი მოქმედების ტილოზე გადმოტანის, ეფემერული და მოუხელთებელი განცდებისთვის ფიზიკურობის მინიჭების მცდელობაა“, – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
მარიამ აქუბარდიას ნახატი
CHARITSKHES, DE? – ნიკა ქუთელიას სადებიუტო პერსონალური გამოფენაა. მხატვარი მრავალი წელი მუშაობდა გრაფიკულ დიზაინსა და ციფრულ ხელოვნებაში.
სოხუმში დაბადებული, ბავშვობიდანვე მიჩვეულია საცხოვრებელი ადგილის მუდმივად ცვლას და ახალ დინამიკაში ყველაფრის თავიდან დაწყებას, აღნიშნავენ გალერეაში ქუთელიას შესახებ.
მარიამ აქუბარდიას ნახატი
„მინდოდა მეჩვენებინა, წარსულის რამდენი ნაგლეჯი დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ამბები დღევანდელ, არაჯანსაღ სამყაროზე, ნათესავების ისტორიები ომზე, ომის შემდგომ ცხოვრებაზე, ერთმანეთის დახმარებასა და ერთმანეთის სიძულვილზე. მინდოდა მეჩვენებინა ლაქა, რომელიც დროის გასვლასთან ერთად არ იცრიცება. მინდოდა მეჩვენებინა ჩემი შინაგანი ბავშვი, რომელიც ამ ყველაფერთან ერთად დღემდე ცოცხალია“, – აღნიშნავს ქუთელია.
აქუბარდიასა და ქუთელიას პერსონალური გამოფენები The why not gallery-ში 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს