კობახიძემ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში პრობლემის წყარო დაასახელა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემებია ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის და არა ქვეყნებს შორის.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველო უკრაინის დასახმარებლად შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა კიევი მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებით უფრო დიდ დახმარებას ელოდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.

„ხედავთ, რომ ისინი მეტს ელოდნენ და ეს მეტი არის მეორე ფრონტი და ამაზე პირდაპირ საუბრობენ... და ეს დღემდე გრძელდება. მერე შანტაჟი სანქციებით, ერთი ხელით გეუბნებიან, „შენ უნდა გახსნა მეორე ფრონტი“ და მეორე ხელით იგივე ადამიანები გემუქრებიან სანქციებით, ბიძინა ივანიშვილს ემუქრებიან და ხელისუფლების წარმომადგენლებს“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ მანამდე სანქციების 15-კაციან სიაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახის წევრები და ახლო გარემოცვა შეიყვანა. მიზეზი, რის გამოც უკრაინის ხელისუფლება სანქციების დაწესებას მოითხოვს, რუსეთის მხარდაჭერაა.
„ჩვენი პასუხი არის პლატონური მეგობრობა, რომელიც გვაკავშირებს უკრაინის ხელისუფლებასთან. იქიდან არის ნული გათვალისწინება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების, აქედან ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მათ შორის იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც შეიძლება დაუდგეს ქვეყანას. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემებია ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის და არა თვითონ ქვეყნებს შორის.

„ხელისუფლებებს შორის პრობლემა ჩვენგან არ გაჩენილა, პრობლემა გაჩნდა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, უკრაინაში წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც უმაღლეს თანამდებობებზე დაინიშნენ ის ადამიანები, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ ძებნილები... ანუ ისინი ჩვენი ხელისუფლების და სახელმწიფოს ინტერესებს არ ითვალისწინებდნენ", – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინაში მაღალი თანამდებობები უკავიათ საქართველოს ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.
მაგალითად, გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა, ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სასჯელს იხდის, დღემდე რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს