COVID-19 - ბოლო ცნობები

ვინ შეძლებს სკოლაში დისტანციურად სწავლას?

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი ხვალ, 15 სექტემბერს დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმი შეიზღუდება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა.
უწყების ცნობით, 2022-2023 სასწავლო წლიდან, რომელიც 15 სექტემბერს იწყება, დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.
კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლის მასწავლებელი ან მოსწავლე დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით (ამჟამად – 5 დღე). თუმცა, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინს აღარ დაექვემდებარებიან.
შესაბამისად, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები (ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლა).
ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს