აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: რეგისტრაცია იწყება

პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის იანვრამდე საპილოტო იქნება.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საცურაო აუზებისა და ფიტნეს-დარბაზების მომსახურების უფასოდ მისაღებად 60 წელს ზემოთ პირთა რეგისტრაცია 19 სექტემბრიდან დაიწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დამტკიცებული პროგრამის თანახმად, აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში გახსნილია ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“.
დედაქალაქის მერის თქმით, პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი, აგრეთვე კერძო ობიექტები.

„რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრიდან, ხოლო სერვისით სარგებლობას დარეგისტრირებული მოქალაქეები უკვე 3 ოქტომბრიდან შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის იანვრამდე საპილოტო იქნება და თუ საჭირო გახდება, მასში ცვლილებები შევა.
ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია სულ 300 აბონემენტი. აბონემენტის მისაღებად საჭიროა ცენტრში პირადობის მოწმობის, თბილისში რეგისტრაციის ცნობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა. თუ მსურველი მეტი აღმოჩნდება, მათ რიგში ჩასვამენ.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს