თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით თბილისის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს.
„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ ითვალისწინებს ქალაქში სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით.
პროექტ „მდგრადი ურბანული მობილობის“ განსახორციელებლად გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკსა (KFW) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის სასესხო და საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და KFW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.
„პროექტის განსახორციელებლად რეკონსტრუქციის ბანკის მიერ 47 მლნ ევროს მოცულობის შეღავათიანი სესხის და ასევე 1,5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფა იგეგმება“, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ამასთან, ახალი სისტემა სპეციალიზებული ტრანსპორტის – სასწრაფო დახმარების, სახანძრო ბრიგადების, ავტობუსების სწრაფად გადაადგილების მიზნით იდენტიფიცირებას და სპეციალური დერეფნების გათავისუფლებას მოახდენს.
აღნიშნულ პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო საერთაშორისო კონსულტანტებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით განახორციელებს.