თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. 2010-დან 2020 წლამდე საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობა ჯამურად 7%-ით გაიზარდა და სულ 861 ათასი ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის 23%) შეადგინა, ნათქვამია კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ს ანგარიშში.
ორგანიზაცია გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის მონაცემებით ხელმძღვანელობდა, რადგან, მისი აზრით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ ემიგრაციის სრულ სურათს არ იძლევა.
ძირითადად ხალხი წასულია რუსეთში (450 ათასი ადამიანი). მას მოსდევს საბერძნეთი (85 ათასი), უკრაინა (65 ათასი) და აზერბაიჯანი (49 ათასი). 2010-2020 წლებში ქართველები უპირატესობას ანიჭებდნენ აშშ-ს, იტალიას და სომხეთს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოდან ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობს. მიგრაციის მთავარ მიზეზად დასახელდა საქართველოში მცხოვრები ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფა.
სწორედ ამას უკავშირდება უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდა, ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 62%-ით გაიზარდა და 2.092,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით ლიდერობს რუსეთი, შემდეგ მოდიან იტალია, აშშ, საბერძნეთი და ისრაელი.
წყარო - PMCG-ის ანგარიშში.