საქართველოს მუზეუმების სამი საუკეთესო თანამშრომელი დააჯილდოვეს

სამინისტროს მიერ დაწესებული „მუზეუმის საუკეთესო მუშაკის“ ტიტულის გარდა, თითოეულმა თანამშრომელმა ფულადი ჯილდოც მიიღო.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისში ახალდაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მუზეუმელთა ალიანსმა“ პირველი ყრილობა გამართა, სადაც მუზეუმის სამი საუკეთესო თანამშრომელი გამოვლინდა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი ესწრებოდნენ.
მუზეუმის საუკეთესო მუშაკების დაჯილდოება
ღონისძიებაზე იმყოფებოდა ასევე საქართველოს 70 მუზეუმის 400-ზე მეტი თანამშრომელი – როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან.
დაჯილდოვდა მუზეუმების სამი საუკეთესო თანამშრომელი
ასამბლეაზე, ქართულ სამუზეუმო ისტორიაში პირველად, საზეიმოდ გამოვლინდა სამი საუკეთესო თანამშრომელი, რომელთაც კულტურის სამინისტრომ წელს დაფუძნებული ჯილდო გადასცა:
იზოლდა მელიქიშვილი - სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე - სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
გერმანე კაზალიკაშვილი - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი მენეჯერი - ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის;
ნაზიბროლა ქორთუა - სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის მცველი - ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის.
გარდა „საუკეთესო მუზეუმელის" ტიტულისა, აღნიშნულ პირებს ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ.
დაჯილდოვდა მუზეუმების სამი საუკეთესო თანამშრომელი
დელეგატებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ისაუბრეს დარგში მიმდინარე პროცესების, წარმატებებისა და გამოწვევების, სამინისტროს ხედვისა და ინიციატივების შესახებ. ასამბლეაზე შეჯამდა განხორციელებული რეფორმები, პროექტები და სამუზეუმო სფეროს მეტი წარმატებისთვის სამომავლო გეგმებიც დაისახა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს