თბილისში კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა

უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1.400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისის 220-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა, გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც, იუწყება განათლების სამინისტრო.
გასულ სასწავლო წელს მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის 2 ათასზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1.400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.
ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს.
უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ. არიან ისეთებიც, ვინც უკვე აქ იყო და სამშობლოში ჯერ ვერ ბრუნდება.