მსოფლიო დღეს

ევროკავშირის გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთთან დღეიდან შეჩერდა

Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთთან შენგენის ვიზების გამარტივებული რეჟიმის შესახებ შეთანხმების შეჩერებას ითვალისწინებს, დღეს ამოქმედდა.
მანამდე გადაწყვეტილება 9 სექტემბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში და იმავე დღეს შევიდა ძალაში, თუმცა მისი ამოქმედება 12 სექტემბრამდე გადაიდო. ეს იმით აიხსნება, რომ ევროკავშირი ვალდებული იყო, თავისი გადაწყვეტილების თაობაზე რუსეთისთვის მისი საბოლოო დამტკიცებიდან 48 საათში ეცნობებინა.
გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებელი 35-დან 80 ევრომდე გაიზრდება. გარდა ამისა, გაიზრდება ვიზის გაცემის ვადები და ამისთვის საჭირო საბუთების მოცულობა. ამასთან მკაცრდება მრავალჯერადი ვიზების გაცემის წესები.
თუმცა არსებობს გამონაკლისიც. როგორც ევროკომისიაში აღნიშნეს, ევროკავშირის კარი ღია რჩება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მოგზაურობის გადაუდებელი მიზეზები აქვთ. მაგალითად, დისიდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მათთვის, ვისი ოჯახების წევრებიც ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები არიან.
შენგენის ზონაში ევროკავშირის 22 სახელმწიფო, ასევე ნორვეგია, ლიხტენშტეინი, ისლანდია და შვეიცარია შედიან. ევროკავშირსა და რუსეთს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმი 2007 წლიდან მოქმედებდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს