თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უარყოფს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მონაწილეობას პოლიციის ნეგატიური იმიჯის ჩამოყალიბებაში, ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მოძრაობამ „ხალხის ძალა“, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებით არის დაკომპლექტებული, ადრე განაცხადა, რომ პარტიის „საქართველოსთვის“ ამჟამინდელი ლიდერი გიორგი გახარია თავისი გადაწყვეტილებებით მიზნად ისახავდა პოლიციისთვის ზიანის მიყენებას და სამართალდამცავი ორგანოების იმიჯის შელახვას. შსს-ს იმდროინდელ სპეცოპერაციებს მათ პოლიციის წინააღმდეგ ჩადენილი „შეგნებული დანაშაული“ უწოდეს.
„არ ვემიჯნები იმ მონათხრობს, რაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით იყო. იქ ბევრი სიმართლე წერია, ისეთი სიმართლე, რაზედაც ჩვენ გაგვიჭირდებოდა საუბარი და არ გვილაპარაკია ასე საჯაროდ. მადლობა ღმერთს, რომ ახლა გუნდში არ არსებობს არც სიტუაცია და არც ისეთი ადამიანი, რომლის შესახებაც შეფასებებში გარკვეული თავშეკავება გვიწევდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან მდინარაძემ გაიმეორა „ხალხის ძალის“ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ გახარია შესაძლოა მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყოს შეკრული.
პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა „ქართული ოცნება“ იმიტომ დატოვეს, რომ თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ. აგვისტოს დასაწყისში მათ ჩამოაყალიბეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“.