თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე მსურველთა განაცხადების მიღება სავარაუდოდ 20 სექტემბერს დაიწყება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„დაახლოებით 20 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაიხსნა პროცესი, რომელსაც ჰქვია განაცხადების მიღება ყველა დაინტერესებული სუბიექტისგან, ვისაც სურს, რომ გახდეს სახალხო დამცველი. შესაბამისად, 20 სექტემბრამდე არც ისე დიდი პერიოდია დარჩენილი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, პროცესის ინკლუზიურობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მმართველი გუნდი ვერ იქნება, ამ დროს კი რადიკალურმა ოპოზიციამ ვიწროპარტიული ინტერესები საქართველოს ინტერესებზე მაღლა დააყენა.
„მათ (რადიკალურმა ოპოზიციამ- რედ.) მაინცდამაინც ჯანსაღი ინტერესები არ გააჩნიათ. მათ საქართველოს ინტერესი, სამწუხაროდ, არ აქვთ პირველ ადგილზე დაყენებული. მერკანტილური და ვიწროპარტიული ინტერესია მათი ქმედებების და დღის წესრიგის განმაპირობებელი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ოპოზიციურ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ განაცხადეს, რომ ახალი სახალხო დამცველის არჩევის ყველა ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მოსმენით ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.
„ლელო“ სახალხო დამცველის შერჩევის ყველა ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ გვექნება ჩვენი დასაბუთებული, თანმიმდევრული პოზიციები, ისეთივე, როგორიც გვქონდა კანონპროექტის პირველ და მეორე მოსმენაზე“, - განაცხადა გალდავამ.
ამასთან. ყველა დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მისი პარტია სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ჯერ მონაწილეობას არ მიიღებს.
„პროცესში ჩვენ ჩავერთვებით მაშინ, როდესაც დავინახავთ, თუ რამდენად რეალურია, მივიღოთ ისეთივე დამოუკიდებელი სახალხო დამცველი, როგორიც იყო დღემდე. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ არასამთავრობო სექტორს. პროცესში გამოჩნდება, იქნება თუ არა მათი როლი გადამწყვეტი“, - განაცხადა გოცირიძემ.
მმართველ პარტიაში ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატის წარდგენაზე უარი განაცხადეს.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.
აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს, წარადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას აზრი „სასამართლოს მეგობრის“ სახით კონკრეტულ პროცესზე, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვ.