თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. ელექტროენერგიის წარმოება და ენერგეტიკის სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ენერგეტიკოსების დღე საქართველოში ოცი წლის განმავლობაში ყოველწლიურად, 10 სექტემბერს აღინიშნება.
„იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკის ამბიციურ გეგმებზე, მიღწევებზე, შედეგებსა და ამოცანებზე, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება წარმატებულ ენერგეტიკულ დარგს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მან ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა როგორც ენერგეტიკის სფეროში, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ენერგეტიკის წარმატებული განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეშიც. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ახალ ერაზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ აქტუალური რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის წარმოების და მთლიანად სექტორის განვითარება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტის განხორციელების წარმატებაზე.
ტრადიციულად, ღონისძიებაზე ღვაწლმოსილ და ვეტერან ენერგეტიკოსებს საპატიო სიგელები გადაეცათ.