თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის პირველ 6 თვეში ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო 1,9 მლნ ჯარიმა გამოიწერა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
ჯარიმები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 10-დან 300 ლარამდე მერყეობს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს ქულების სისტემა - მართვის მოწმობაზე დარიცხულია 100 ქულა, რომელიც დარღვევების შესაბამისად მცირდება. ლიმიტის ამოწურვისთანავე მძღოლს მართვის მოწმობა ჩამოერთმევა.
Sputnik-საქართველო გთავაზობთ ავტოსაგზაო წესების დარღვევის ტოპ-ხუთეულს
სიჩქარის გადაჭარბება
ყველაზე გავრცელებული დარღვევა იყო სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტით.
1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში ამ დარღვევისთვის გამოიწერა სულ 469.967 ჯარიმა - 50 ლარი.
ტექდათვალიერების არარსებობა
მეორე ადგილზეა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 409.469 ჯარიმა, რაც 50 ლარს შეადგენს.
პარკირების წესების იგნორირება
მესამე ადგილზეა იგნორირება ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „პარკირება აკრძალულია“, ასევე პარკირების წესების იგნორირება.
ასეთი დარღვევისთვის 2021 წლის სამ კვარტალში გამოიწერა 327.788 ჯარიმა, რაც 10 ლარს შეადგენს.
ტრანსპორტი თბილისში
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუდევარი მართვა
მეოთხე ადგილზეა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
ასეთი 236.006 დარღვევა დაფიქსირდა და ამისათვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს.
უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა
მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა.
ასეთი დარღვევისთვის გამოიწერა 87.778 ჯარიმა, რაც 40 ლარს შეადგენს.
ვიდეოჯარიმები და ქულები
დაუდევარი მართვისთვის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში ჯარიმებს პოლიციის გარდა ვიდეოკამერებიც აფიქსირებენ.
საერთო ჯამში, 2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 66,2 მილიონი ლარის ოდენობით 1.441.576 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ამავდროულად, მხოლოდ დედაქალაქის მძღოლები დაახლოებით 36,2 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ.
ამავდროულად, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მართვის უფლებაზე დარიცხული ქულები 188.099 მძღოლმა დაკარგა. სრულად ქულები ამოეწურა და მართვის უფლება ჩამოერთვა 17 მძღოლს.