პუტინის ულტიმატუმმა ევროკავშირს გეგმების გადახედვისკენ უბიძგა - The Telegraph

რუსეთის პრეზიდენტის მნიშვნელოვანმა განცხადებამ, რომელიც ვლადივოსკოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გაჟღერდა, ევროპელ მაღალჩინოსნებზე სწრაფად იმოქმედა
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გაფრთხილებამ აიძულა ევროკავშირი უარი ეთქვა თავის ერთ-ერთ პრინციპულ გადაწყვეტილებაზე, წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph.
კოლუმნისტი ტომ რისი (Tom Rees) აზუსტებს, რომ საუბარია გაზის ფასის ზღვარზე, რომელიც ბოლო დროს აქტიურად განიხილებოდა.
„ბრიუსელმა აღარ დააწესა ზღვარი რუსული გაზის ფასზე პუტინის გაფრთხილების შემდეგ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიწოდებებს შეაჩერებდა“, - ნათქვამია სტატიაში.
ავტორის თქმით, ბოლო თათბირზე მინისტრებმა ევროკომისიას ევრობაზრებზე დაძაბულობის შესამცირებლად დეტალური გეგმის შემუშავება სთხოვეს.
რისი მიუთითებს, რომ ამჟამად ევროპა მწვავე კრიზისს განიცდის, რომელიც გამოწვეულია როგორც ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირებით, ისე მათი დეფიციტით.
„მინისტრები ბრიუსელში სასწრაფოდ ცდილობენ მოემზადონ მკაცრი ზამთრისთვის, რადგან რუსეთი ენერგომომარაგებას წყვეტს და რეცესიის შიშები იზრდება“, - დასასრულს აღნიშნავს ანალიტიკოსი.
მანამდე „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებმა (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი და იაპონია) დაადასტურეს, რომ ანტირუსული სანქციების გაფართოების ფარგლებში რუსული ნავთობის ფასებზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ.
ამაზე საპასუხოდ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა შეუწყვიტოს საწვავის მიწოდება იმ ქვეყნებს, რომლებიც გაატარებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც კონტრაქტების პირობების დარღვევას გამოიწვევს.
წყარო - The Telegraph.