შსს: დმანისში მამამ შვილს ქორწინება აიძულა და თვითმკვლელობის ცდამდე მიიყვანა

ბრალდებულმა საკუთარ შვილს ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. დმანისში ქალიშვილის ქორწინების იძულებისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მის 20 წლის შვილს ნების საწინააღმდეგოდ ქორწინება აიძულა, რის გამოც გოგონამ თვითმკვლელობა სცადა. გოგონას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა მამაკაცი შესაბამისი შეტყობინების მიღების დღესვე ბრალდებული სახით დააკავეს. გამოძიება ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და გენდერის ნიშნით თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს