თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერია საქართველოს მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება დედაქალაქის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. მერიამ რიგი რეფორმები უკვე გაატარა – შემოყვანილია ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, გაჩნდა საავტობუსე ზოლები და ველობილიკები.
„სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში ვმართოთ საგზაო მოძრაობა და პარკირება. ის ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და საგანგებო სიტუაციების ეკიპაჟების გადაადგილებას“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სმარტ-სისტემა ხელს შეუწყობს გზებზე უსაფრთხოების გაზრდას, „საცობების“ შემცირებას, ასევე გააუმჯობესებს ეკოლოგიურ სიტუაციას.
„პროექტის ჯამური ღირებულება 47 მლნ ევროს შეადგენს და ის მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება საერთაშორისო კონსულტანტებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერის თქმით, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია თანამედროვე სტანდარტების მქონე საფეხმავლო სივრცეების, ველობილიკებისა და საავტობუსო დერეფნების მოწყობის გზით ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.