თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ინვესტიციების მოზიდვის საკითხები განიხილეს კახეთში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურმა პირებმა.
საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მინისტრების მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი წინანდალში გაიმართა. ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო თურქეთის დელეგაციას - თურქეთის საგარეო უწყების მინისტრის მოადგილე სედათ ონალი ხელმძღვანელობდნენ.
„ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი. ვიმსჯელეთ უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე“, – განაცხადა დარსალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით.
„ჩვენ კონსტრუქციული კონსულტაციები გვქონდა. როგორც იცით, საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეს კარგი მომენტია იმისთვის, რომ განვიხილოთ რეგიონული საკითხები... ამ კრიტიკულ დროში რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხები უფრო აქტუალური გახდა“, – განაცხადა ონალმა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხების სფეროში ორ ქვეყანას შორის აქტიური ურთიერთქმედების მნიშვნელობა. ყურადღება ასევე გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე.
უწყების ცნობით, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას, რაც მიმდინარე წელს საიუბილეო თარიღით - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეთი აღინიშნება.
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქტიური თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა. სურვილი გამოითქვა პოლიტიკური კონსულტაციების მომავალში გაგრძელების თაობაზე.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის პირველ შვიდ თვეში 1,5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ია.