თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. უცხოეთის ნებისმიერი სახელმწიფოს კუთვნილი სამოქალაქო თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო სივრცეზე გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას, ნათქვამია „საქაერონავიგაციის“ განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ყოველივეს ჩიკაგოს კონვენცია ითვალისწინებს.
აღნიშნული განცხადებით „საქაერონავიგაცია“ ზოგი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ 4 სექტემბერს, Iran Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრინდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით გაფრინდა მოსკოვში.
უწყება მედიით გავრცელებულ ცნობას „ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებად“ აფასებს და აღნიშნული ხომალდის კურსის შესახებ მონაცემებს აკონკრეტებს.
„გაცნობებთ, რომ <...> ბორტის ფრენის საწყისი წერტილია აეროპორტი ზვარტნოცი, ერევანი, სომხეთი (კოდი: UDYZ), რომელიც სამოქალაქო დანიშნულების აეროპორტს წარმოადგენს. ჩიკაგოს კონვენციის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამა თუ იმ სახელმწიფოს რეესტრში მყოფი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გადაფრენა ხორციელდება ფრენის გეგმის საფუძველზე და არ საჭიროებს საავიაციო ხელისუფლების ნებართვას“, — ნათქვამია „საქაერონავიგაციის“ ოფიციალურ განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ირანული ავიაკომპანია Iran Air, რომელიც სამგზავრო და სატვირთო რეისებს მსოფლიოს 71 ქვეყანაში ახორციელებს, არ არის სანქცირებული ევროკავშირის მიერ. შესაბამისად, ავიაკომპანიის თვითმფრინავები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით დღემდე დაფრინავენ.
აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტ პლატფორმებზე Flightradar24.com და Flightaware.com, რომელთა მეშვეობითაც ფრენების რეალურ დროში თვალყურის დევნება მათზე სრული მონაცემების მოძიება შეიძლება.