თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა შენიშვნების მომზადებისა და წარდგენისთვის დრო მოითხოვეს, მაგრამ მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეარხ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
კანონპროექტში ცვლილებები, სხვა დანარჩენთან ერთად, ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაზრდას.
„(კრიტიკოსები ამბობენ) თითქოს ეს არის ნაჩქარევი, რაც არ არის სწორი. კანონპროექტის ინიცირებიდან უკვე 6 თვე გავიდა... რამდენჯერმე გადაიდო კანონპროექტი, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების თხოვნით – დრო მოგვეცით, რომ შენიშვნები წარმოვადგინოთო. გადავავადეთ, მაგრამ შენიშვნების წარმოდგენა ვერავინ შეძლო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში ფარული თვალთვალი და მიყურადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს. კანონპროექტის თანახმად, ფარული საგამოძიებო ღონისძიებების სამი თვის ვადაში ჩატარების შესახებ შუამდგომლობის დაყენება პროკურორს შეუძლია. ამ ვადის სამი თვით გაგრძელებისთვის საჭიროა პროკურატურის ზემდგომი ჩინოვნიკის შუამდგომლობა, ხოლო დამატებით კიდევ სამი თვით – გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.
ამასთან, თუ საუბარია ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის.
ამას გარდა, ის ვადა, როდესაც პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება მოსმენა, უნდა აცნობონ საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ, შეიძლება გადაიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობით, სანამ ეს გამოძიებისთვის იქნება საჭირო.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებული შესწორებები 7 ივნისს შევიდა, თუმცა მას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა და პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება.
პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მიღებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შესწორებების მიღების პროცესი იყო დაჩქარებული და არაინკლუზიური.
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე დაძლია და კანონპროექტი მიიღო.